ეკონომიკა

სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის კვლევაში ამერიკული ორგანიზაციებიც არიან ჩართულნი

სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებში ამერიკული ორგანიზაციებიც არიან ჩართულნი, თუმცა რუსეთთან თანამშრომლობაც გრძელდება.

 როგორც ARMENPRESS-ი წერს, ამის შესახებ სომხეთის  ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ჰაკობ ვარდანიანმა განაცხადა.

„სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის/ელექტროსადგურების მშენებლობის ფარგლებში მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, რომლებშიც ამერიკული ორგანიზაციებიც არიან ჩართულნი. მათ გადაეცათ ჩამოყალიბებული მიდგომები და იდეები თემაზე. ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია გამოვაქვეყნოთ ინფორმაცია აშშ-სთან შესაძლო თანამშრომლობის მიმართულებებისა და ფარგლების შესახებ“.

2022 წელს, დუბაიში, Rosatom-მა და სომხურმა ატომურმა ელექტროსადგურმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რათა გამოიკვლიონ შესაძლო თანამშრომლობა სომხეთის ტერიტორიაზე ახალი რუსული ატომური ელექტროსადგურების მშენებლობაზე. ხოლო გასული წლის დეკემბერში ერევანში გამართულ სომხეთისა და რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას მეწამორის ატომური ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკის ექსპლუატაციის ვადის 10 წლით გახანგრძლივების შესახებ. აპირებს თუ არა სომხეთი რუსეთთან თანამშრომლობის გაგრძელებას და ეს ხომ არ შეუშლის ხელს ამერიკელებთან თანამშრომლობას?

„სომხეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის თანამშრომლობა უწყვეტ ხასიათს ატარებს და ამჟამად მიმდინარეობს ენერგეტიკის სფეროში რამდენიმე მიმართულებით. არცერთ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა არ განიხილება და არ შეიძლება ჩაითვალოს სხვა სახელმწიფოს საზიანოდ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სომხეთის მთავრობამ გამოაცხადა ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენების განზრახვა. რა ეტაპზეა სამუშაოები ამ მიმართულებით, რა ტიპის და სიმძლავრის უნდა იყოს ახალი ატომური ელექტროსადგური?

„ამჟამად მიმდინარეობს ტექნოლოგიურ-ეკონომიკური კვლევები, რაც საშუალებას მოგცემთ გავიგოთ, რომელი ტექნოლოგია და რომელი ელექტროსადგური იქნება ყველაზე ეფექტური და ეკონომიკურად მომგებიანი სომხეთის შემთხვევაში“, – განაცხადა ჰაკობ ვარდანიანმა.

5 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში განიხილეს სომხეთის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები. შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა მხარი დაუჭიროს სომხეთში ატომური ენერგიისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებას.

„ჩვენ გთავაზობთ ორ გზას. პრიორიტეტულია მოქმედი ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესწავლა. სომხეთ-აშშ-ის პარტნიორობა განიხილავს შესაძლო ენერგეტიკულ თანამშრომლობას ბირთვულ სექტორში. უპირველეს ყოვლისა, მეცნიერული გაცვლაა საჭირო კვლევის შესაძლო კომპონენტის შესასწავლად. ამას მოჰყვება კითხვები ატომური ელექტროსადგურის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით და, ბოლოს, ფინანსური კომპონენტის შეფასება“, – განაცხადა ჯეიმს ო’ბრაიენმა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ივნისში სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ამჟამად მოქმედი მეწამორის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა 2036 წლამდე გაგრძელდა. ბოლო წლებში სადგურზე ტექნიკური მოდერნიზაციის სამუშაოები ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა ექსპლუატაციის გახანგრძლივებას.

ნახეთ მეტი
Back to top button