ეკონომიკა

გაერთიანდება თუ არა საქართველოს, სომხეთის, რუსეთისა და ირანის ელექტროქსელები

სომხეთის ვიცეპრემიერმა ენერგეტიკის სფეროში დიდ პროექტზე ისაუბრა.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, სომხეთის, რუსეთის, საქართველოსა და ირანის ელექტროქსელების გაერთიანება, სურვილის შემთხვევაში, 2-3 წელიწადშია შესაძლებელი, იუწყება „Sputnik-სომხეთი” სომხეთის ვიცე-პრემიერის ტიგრან ავინიანის განცხადებაზე დაყრდნობით.

სომხეთმა, საქართველომ, რუსეთმა და ირანმა 2015 წლის დეკემბერში ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომლის მიზანია ელექტროენერგიის მიმოცვლის მართვის დონის ამაღლება და ენერგოსისტემის უსაფრთხოება.

ავინიანის განცხადებით, ამჟამად სომხური მხარე საქართველოსა და ირანთან მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს აშენებს. ამ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრისას ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ქსელების მუშაობის სინქრონიზაცია სომხეთში, საქართველოში, რუსეთსა და ირანში.

მისი თქმით, ქსელების გაერთიანების მიზანია ერთი გლობალური ბაზრისა და გლობალური ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის არსებობა.

„გვინდა ავაშენოთ სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვიმუშაოთ რუსეთთან სინქრონულად, ან სიხშირეების კონვერტირება მოვახდინოთ, რომ დაკავშირებული ვიყოთ ერთმანეთთან”, – აღნიშნა ავინიანმა.

უფრო ადრე ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ სომხეთი არ აპირებს ატომურ ენერგეტიკაზე უარის თქმას და ამჟამად რუსეთთან ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ნახეთ მეტი
Back to top button