პოლიტიკა

ცნობილია საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღი

სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იგეგმება

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომების მოწვევას 29 ივლისიდან გეგმავს, იუწყება პირველი არხი.

საქართველოს მთავრობამ დააკმაყოფილა მომიტინგეების მოთხოვნა და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარების ინიცირება მოახდინა. უფრო მეტიც, ხელისუფლებამ ამ არჩევნების ყოველგვარი საარჩევნო ბარიერის გარეშე ჩატარება გადაწყვიტა.

რიგგარეშე სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავენ კომისიის შექმნის საკითხს, რომელიც იმსჯელებს ნულოვანი ბარიერის პირობებში პროპორციული სისტემის ამოქმედებაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე.

ტელეარხის ინფორმაციით, რიგგარეშე სხდომის ჩატარების მიზნით პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უნდა მიმართოს.

მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო შესწორებების თანახმად, პროპორციული სისტემა საქართველოში 2020 წლიდან ამოქმედდება. პარტიების მიერ მოპოვებული მანდატები შემდეგნაირად გამოითვლება: ერთი პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე. დარჩენილ მანდატებს გადაანაწილებენ უკეთესი შედეგების მქონე პარტიებზე რიგის მიხედვით.

ამასთან, შესწორებები არ ითვალისწინებს საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობას. მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ ამის მიზანია, დაბრკოლებები არ შეუქმნან პარტიული სისტემის განვითარებას.

პარლამენტმა საზაფხულო სესია ივნისის ბოლოს დახურა, თუმცა, დეპუტატები კომიტეტების ფორმატში მუშაობას განაგრძობენ. რეგლამენტის გათვალისწინებით, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

ნახეთ მეტი
Back to top button