
საქართველოდან სომხეთში საავტომობილო გზით მარცვლეულის გადაზიდვის საკითხი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ მოგვარებული
საქართველოს მთავრობა აპირებს, დაუშვას ქვეყნის საავტომობილო გზებზე სატვირთო ავტომობილებით მარცვლეულის გადაზიდვა. დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომობილებით მარცვლეულის გადაზიდვაზე აკრძალვისა თუ გარკვეული შეზღუდვების დაწესების საკითხი აღარ განიხილება, განუცხადა „Sputnik-სომხეთს” საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორმა პაატა ცაგარეიშვილმა.
საქართველოს საავტომობილო გზით სიმინდისა და ხორბლის გადაზიდვის საკითხი სომხეთსა და საქართველოს შორის პერმანენტული განხილვის საგანია. ცოტა ხნის წინ გადაწყდა აკრძალვის 2019 წლის 1 ოქტომბრამდე გადადება, რათა მითითებული დროისათვის მხარეებს კონკრეტული წინადადებები შეემუშავებინათ. სომხეთის მთავრობამ პრობლემის მოგვარების მიზნით ქართველ კოლეგებთან მოლაპარაკებების გასამართად სამუშაო ჯგუფიც შექმნა.
თუმცა, როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის მარცვლის საავტომობილო გზით გადატანის აკრძალვა აქტუალური აღარ არის. მთავრობა აპირებს, გადამზიდებს მისცეს უფლება, მარცვლეული საავტომობილო ან საკრინიგზო გზით შემოიტანონ.
მისი თქმით, ოფიციალურად ჯერ არ გაჟღერებულა ქართული მხარის გადაწყვეტილება, უარი თქვას აკრძალვაზე, თუმცა რეკომენდაციები უკვე შემუშავებულია. არაოფიციალური შეთანხმების თანახმად, გადამზიდები მიიღებენ უფლებას, თავისუფლად გადაზიდონ მარცვალი საავტომობილო გზით.
ცაგარეიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს, ვინაიდან ის საავტომობილო და სარკინიგზო გადაზიდვებს შორის კონკურენტული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.