კულტურის სფეროში ფუნდამენტური რეფორმა იწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კულტურის სფეროში მასშტაბური კომპლექსური რეფორმის გატარებას შეუდგა, იუწყება Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
რეფორმა ითვალისწინებს სისტემურ ცვლილებებს, რომლებიც ეფუძნება ევროკავშირის რეკომენდაციებს და მორგებულია ქართულ მოთხოვნებზე. კერძოდ, სამინისტრო განსაზღვრავს პოლიტიკას კულტურის სფეროში, დანერგავს ორმხრივ ანგარიშვალდებულების პრინციპს უწყებასა და კულტურის ფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის, გაუწევს მონიტორინგს დასახული ამოცანების შესრულებას.
გარდა ამისა, უწყება საკუთარ თავზე აიღებს კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სახელოვნებო განათლების სფეროს პოლიტიკის, სტრატეგიის, საკანონმდებლო და კოორდინაციის ძირითად ფუნქციებს.
რეფორმის ძირითადი ნაწილი კულტურის ეროვნული ფონდის შექმნა იქნება, რომელიც გაატარებს სამინისტროს მიერ შემუშავებულ პოლიტიკას. ამასთან, ფონდის მუშაობა დაფუძნებული იქნება დაფინანსების თანაბარი შესაძლებლობების და შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეუხებლობის დაცვის პრინციპებზე. მისი მთავარი დანიშნულება იქნება კულტურის განვითარების, პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.
გარდა ამისა, ევროპული სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნება დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობა, საჯაროობა, სამართლიანობა. კულტურის სფეროში მიმართული ფინანსური საშუალებები სტრატეგიულად და რაციონალურად გადანაწილდება.
უკვე ცნობილია ფონდის დირექტორის ვინაობა. იგი ლიტერატურათმცოდნე, ავტორი, საერთაშორისო საგრანტო პროექტების ხელმძღვანელი ირმა რატიანია. ფონდი საქმიანობას 2020 წლის 1 იანვრიდან დაიწყებს და მისი ბიუჯეტი 50 მლნ ლარი იქნება.