საერთაშორისო

უცხოელი და ქართველი სპეციალისტები შავი ზღვის მონიტორინგს ჩაატარებენ

Sputnik- საქართველოს უწყებით, კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნება ქიმიური სქრინინგი და დნმ-ის ციფრული ანალიზი.

პროექტ „შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის” (EMBLAS) ფარგლებში უცხოელი სპეციალისტები ქართველ კოლეგებთან ერთად შეამოწმებენ წყლის ფიზიკურ-ქიმიურ და ჰიდრობიოლოგიურ პარამეტრებს, იხტიოფაუნის არსებულ მდგომარეობას და ზღვის ბიომრავალფეროვნებას, იუწყება გაზეთი „რეზონანსი”.

კვლევები სამეცნიერო გემის MARE NIGRUM-ის საშუალებით განხორციელდება, რომელიც აღჭურვილია ზღვის კვლევის უახლესი თანამედროვე აპარატურითა და ლაბორატორიებით

„შავი ზღვის კვლევა უნიკალური ინფორმაციის წყაროა, რომელიც სანდო მონაცემებს გვაწვდის ზღვის ეკოსისტემის, ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ კვლევამ პოზიტიური შედეგები გვაჩვენა საქართველოს სანაპირო წყლების ეკოლოგიურ სტატუსთან დაკავშირებით”, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.

მიმდინარე ფაზა, რომლის ბიუჯეტი 1,6 მილიონ ევროს შეადგენს, 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ინიციატივას ევროკავშირი აფინანსებს.

ისევე როგორც წინა წლებში, კვლევა ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივისა (MSFD) და წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) შესაბამისად განხორციელდება. კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნება ზღვის მონიტორინგის უახლესი ტექნოლოგიები, მათ შორის, ქიმიური სქრინინგი და დნმ-ის ციფრული ანალიზი. კვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია გავრცელდება როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში, ასევე მთლიანად ევროკავშირის მასშტაბით.

2019 წელს დაგეგმილი კვლევების ფარგლებში განისაზღვრება შავ ზღვაში სხვადასხვა დამაბინძურებელის შემცველობა, რაც გულისხმობს შესაბამისი სინჯების აღებასა და ანალიზების ჩატარებას. შესწავლილი იქნება წყლის ფიზიკურ-ქიმიური და ჰიდრობიოლოგიური პარამეტრები, თევზის პოპულაციების არსებული მდგომარეობა და ზღვის ბიომრავალფეროვნება.

მიღებული შედეგების საფუძველზე, შესაძლებელი იქნება შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისთვის ახალი მეთოდოლოგიების დანერგვა, რაც მნიშვნელოვანია შავი ზღვაში არსებული მდგომარეობის სრულყოფილად შეფასებისათვის და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის. პროექტ „შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის” (EMBLAS) მიზანია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ხელშეწყობა ზღვის ეკოსისტემის დაცვის საქმეში.

პროექტის მონაწილე-ქვეყნებს შორისაა საქართველო, რუსეთი და უკრაინა.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close