ნიკა გვარამიას საქმე – ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს

rustavi2.ge ნიკა გვარამიას უფლებადამცველი დღეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. დიმიტრი საძაგლიშვილი კიდევ ერთხელ საუბრობს პროკურატურის არათანმიმდევრულ ქმედებაზე და საგამოძიებო უწყებას “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიმართ ნაჩქარევად ბრალის წაყენებაში ადანაშაულებს.
„სასამართლომ მიიჩნია რომ ამ შეზღუდვის დაწესებით ნიკა გვარამიას მიმალვის შესაძლებლობა გამოირიცხება. თუმცა მას აკრძალვა არ აქვს, მას არ ეკრძალება დატოვება უბრალოდ მას სჭირდება თანხმობა საგამოძიებო ორგანოსი. არანაირ რისკებს ეს არ აზღვევს და სინამდვილეში არც არსებობს რისკი მიმალვასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ნიკა გვარამიამ იცის რომ 7 წლის განმავლობაში მასზე არაერთი საქმე მიმდინარეობდა. გაცნობიერებული აქვს ის რისკი, რომ შეიძლება გახდეს პატიმარი. უკანონო მაგრამ მაინც. ის თვლის რომ არსად არ უნდა წავიდეს, აქ უნდა დარჩეს და გააგრძელოს ბრძოლა იმ ფორმით და იმ პირების წინააღმდეგ რა ფორმითაც აკეთებდა ამ 7 წლის განმავლობაში,“-განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
40 ათას ლარიანი გირაოს გადახდა სასამართლომ გვარამიას ორი დღის წინ, გვიან ღამით დააკისრა და ამისთვის ერთთვიანი ვადა მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ტელეკომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი, რომ ის თანხას პრინციპულად არ გადაიხდიდა. გირაოს შეფარდებასთან ერთად გვარამია აეკრძალა ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების თანხმობის გარეშე.
დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ არ არსებობს იმის დასაბუთებული აუცილებლობა რომ ნიკა გვარამიას მიმართ გამოყენებული იყოს რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიება. მისივე თქმით ის არსად წასვლას არ აპირებს და მზად არის ნებისმიერ დროს როდესაც გამოძიებას მასთან შეკითხვები ექნება უპასუხოს მათ.