საქართველოში საერთაშორისო ვაჭრობის ეროვნული კომიტეტი შეიქმნა
Sputnik-საქართველოს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტი შექმნა, მისი პირველი სხდომა ქვეყნის ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე.
კომიტეტის თავმჯდომარეა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი. ეს კომიტეტი წარმოადგენს უწყებათაშორისი თანამშრომლობის მუდმივმოქმედ სათათბირო ორგანოს.
კომიტეტი – საკონსულტაციო პლატფორმაა, რომლის მეშვეობით კერძო და სახელმწიფო სექტორების წარმომადგენლები თავიანთ საპარტნიორო ურთიერთობებს განავითარებენ.
„კომიტეტის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ რეგულირების სისტემის შემდგომი დახვეწის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება. კომიტეტში შედიან სახელმწიფო სტრუქტურების და კერძო სექტორის წარმომადგენლები“, – განუცხადა ხუციშვილმა ჟურნალისტებს.
კომიტეტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს და მათ განსახილველად მთავრობას წარუდგენს, რათა საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული რეგულაციები მაქსიმალურად გამარტივდეს.
პირველ შეხვედრაზე კომიტეტის წევრებმა განიხილეს ვაჭრობის ხელშეწყობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მათი შესრულების საკითხები, ახალი საბაჟო კანონმდებლობა, ასევე უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის ინსტიტუტის დანერგვის საკითხები.
კომიტეტის მოვალეობაში შედის ასევე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინება.
Doing Business-2019-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს კატეგორიაში „საერთაშორისო ვაჭრობა” მსოფლიოში 43-ე ადგილი უკავია.