პოლიტიკა

მთავრობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაუქმების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს მთავრობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაუქმების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ აუწყებს რადიო თავისუფლება.

ცალკეული მედიასაშუალებების მიერ 19 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პრემიერის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს და ინფორმაციას „ყალბს“ უწოდებს.

“გუშინ, მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს ყალბი დოკუმენტი გარემოს დაცვის რეფორმის შესახებ.

როგორც ჩანს, აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავდა მთავრობის დისკრედიტაციას და წარმოადგენდა პროვოკაციას, რომელსაც, სამწუხაროდ, წამოეგო კიდეც ზოგიერთი გამოცემა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური მუდმივ კოორდინაციაშია მედიასაშუალებებთან და კოლეგებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ან/და გადაამოწმონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართია [email protected] ვთხოვთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, იხელმძღვანელონ მხოლოდ აღნიშნული მისამართიდან მიღებული ინფორმაციით, ნუ დაეყრდნობიან ყალბ დოკუმენტებს და ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას”, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში.

19 აგვისტოს, ღამით, მედიასაშუალებებს ელექტრონული ფოსტით დაეგზავნათ გარემოს ე.წ. რეფორმის კონცეფცია, მისამართიდან [email protected]

ფოსტაზე მიბმულ ხუთგვერდიან დოკუმენტში, რომელსაც ერთი შეხედვით, საქართველოს მთავრობა ავრცელებს, ნათქვამია, რომ უქმდება სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო. გარდა ამისა, „საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალება ნადირობა, სამრეწველო თევზჭერა, მერქნის მოპოვება, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. დაცულ ტერიტორიებად გამოცხადდება ყველა ტერიტორია, გარდა სასოფლო სამეურნეო მიწებისა. დაცულ ტერიტორიებს დაიცავს თავდაცვის სამინისტრო. გარემოზე ზრუნვა, შინაურ ცხოველებზე ზრუნვა, სასოფლო სამეურნეო მიწების გარემოსთვის უსაფრთხო გამოყენებაზე ზრუნვა დაეკისრება, პირდაპირი წესით არჩეულ გარემოს დამცველს“.

ე.წ. ფეიკ ნიუსი მალევე გაავრცელა რამდენიმე მედიასაშუალებამ. დოკუმენტის შინაარსმა ინტერნეტმომხმარებლის აღშფოთება გამოიწვია.

ნახეთ მეტი
Back to top button