კულტურა

ანიმაციური ფილმების მე-9 საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ პირველ სექტემბერს გაიხსნება

ანიმაციური ფილმების მე-9 საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ პირველ სექტემბერს გაიხსნება. ამის შესახებ აუწყებს პირველი არხი.

ფესტივალის ორგანიზატორებმა დღეს 2019 წლის ოფიციალური პროგრამა გამოაქვეყნეს.

მათი ინფორმაციით, წლევანდელ ფესტივალს წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მიერ სტეფანე ბირიუკოვის ოსტატობის გაკვეთილზე შექმნილი ანიმაციური ფილმი გახსნის. ამავე დღეს ამ სკოლის ყოფილი მოსწავლის გიორგი მაღრაძისა და მისი მეგობრების კონცერტი გაიმართება.

გაიხსნება ასევე მხატვარ თემო მაჭავარიანის ნამუშევრების გამოფენა. ნიქოზის საერთაშორისო ფესტივალზე ტრადიციულად წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს წამყვანი ანიმაციური ფესტივალების ანიმაციური კომპანიების და სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი ნამუშევრების ჩვენება.

ნაჩვენები იქნება ანიმაციური ფილმები პორტუგალიიდან, ლატვიიდან, გერმანიიდან ბელარუსიდან და ასევე ნიქოზში წელსაც წარმოდგენილი იქნება ანესის ანიმაციის ფესტივალის ფილმები.

წლევანდელი ნიქოზის ფესტივალის სტუმარია ასევე დრეზდენის ცნობილი საერთაშორისო ფესტივალი და ფილმები გერმანიიდან. ფესტივალის სტუმრები ასევე შეხვდებიან დევნილ მოსახლეობას წეროვანიდან.

გაიმართება ფესტივალის ტრადიციული მასტერკლასები ახალგაზრდა ანიმატორებისთვის, რომელსაც უცხოელი სტუმრები ჩაატარებენ. ანიმაციების გარდა ნიქოზის ფესტივალზე გაიმართება კონცერტები, მათ შორის კონცერტს გამართავს ანსამბლი დიდგორი. ჩრდილების თეატრი „ბუდრუგანა გაგარა“ კი წარმოადგენს სპექტაკლს „მათეს ვნებანი“ იოჰან სებასტიან ბახის მიხედვით. წლევანდელ ფესტივალზე ასევე ნაჩვენები იქნება ანიმაციური ფილმები – საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი „სინედოკი“ (საქართველო) და ასევე წარმოდგენილი იქნება სტუდენტური ფილმები რომელიც სამხატვრო აკადემიისა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს. წლევანდელი ფესტივალი გორის ქალთა კამერული გუნდის საზეიმო კონცერტით დასრულდება.

ნიქოზის ანიმაციის ფესტივალი, რომელიც კონფლიქტის ზონაში მხატვარ გელა კანდელაკის და მეუფე ისაიას ინიციატივით 2011 წელს დაარსდა, წლებია მსოფლიოს თანამედროვე ანიმაციური ფილმების ავტორებს, ბავშვებს, პრესტიჟულ მეგობარ ფესტივალებს და უბრალოდ კინოს მოყვარულებს აერთიანებს.

ფესტივალი „ნიქოზი“ პირველ სექტემბერს ეპისკოპოსის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნება და 6 სექტემბრამდე  გაგრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button