ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ US Open-ზე სენსაცია მოახდინა

ქართველი ჩოგბურთელი მომდევნო შეხვედრას მსოფლიოს მესამე ჩოგანთან გამართავს
,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე, რომელიც WTA-ს რეიტინგში 202-ე ადგილს იკავებს, US Open – „დიდი სლემის” სერიის ტურნირის მეორე წრეში გადავიდა. შეჯიბრება ნიუ-იორკში მიმდინარეობს.
პირველ წრეში ბოლქვაძემ სამ სეტში დაამარცხა ამერიკელი ბერნარდა პერა (69) – 6:3, 5:7, 6:4. მატჩი თითქმის ორსაათ-ნახევარს გაგრძელდა.
მატჩის განმავლობაში ბოლქვაძემ ექვსჯერ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მოთამაშემ გაცილებით სუფთად ითამაშა და მხოლოდ 48 არაიძულებითი შეცდომა დაუშვა, მისმა მოწინააღმდეგემ კი – 61.
მეორე წრეში ბოლქვაძე შეხვდება გაცილებით უფრო სერიოზულ მეტოქეს – ჩეხ კაროლინა პლიშკოვას, რომელსაც მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების სიაში მესამე ადგილი უკავია. პირველ წრეში პლიშკოვამ ორი სეტიდან 7:6, 7:6 დაამარცხა თავისი თანამემამულე ტერეზა მარტინცოვა.
ბოლქვაძე პირველი ქართველი ჩოგბურთელია, რომელიც 2014 წლის შემდეგ „დიდი სლემის” ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდა. ხუთი წლის წინ ეს სოფიო შაფათავამ „როლან გაროსზე” მოახერხა.