“WCIT 2019” ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს საინფორმაციო ტექნოლოგიების 23-ე მსოფლიო კონფერენციის სრული დღის წესრიგი. საინფორმაციო ტექნოლოგიების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიება წელს სომხეთში, ერევანში გაიმართება. სამდღიანი კონფერენციის დღის წესრიგი უკვე ხელმისაწვდომია WCIT 2019 ოფიციალურ ვებსაიტზე. მასში მოცემულია კონფერენციის ფორმატის დეტალური აღწერა, პლენარული დისკუსიები და მოვლენები.
წლევანდელი მსოფლიო საინფორმაციო ტექნოლოგიების ფორუმის WCIT თემაა: ,,დეცენტრალიზაციის ძალა. მოლოდინი და საშიშროება”. კონფერენციაზე სიღრმისეულად განიხილება, თუ როგორ გარდაქმნის ჩვენს ცხოვრებას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად, რა გავლენას ახდენენ მოგებასა და კეთილდღეობაზე, უზრუნველყოფასა და უსაფრთხოებაზე, დემოკრატიასა და ჰუმანიზმზე.
ერევნის კონფერენციას დაესწრება 2000-ზე მეტი მონაწილე 70 ქვეყნიდან.