ეკონომიკა

საქართველოში შესაძლოა ვაზნების საწარმო აშენდეს

საქართველოს ძალოვანი უწყებები ტყვია-წამლის შეძენაზე უცხოეთში რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს ხარჯავენ

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს სჭირდება ტყვია-წამლის მწარმოებელი საწარმო, განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე.

ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრი გახდება მას შემდეგ, რაც კვირას პარლამენტო ნდობის ვოტუმს გამოუცხადებს ქვეყნის ახალ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და მის მთავრობასა და პროგრამას. ამისთვის მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას” საკმარისი ხმები აქვს.

„ყოველწლიურად მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე ათეულ მილიონს შეიძლება ხარჯავდეს, ისევე როგორც სხვა სამინისტროები, შსს თუ სხვა, თუნდაც ტყვია-წამლის შეძენაში, რაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ჩემი ჯერ კიდევ მინისტრობის და შემდეგ პრემიერ-მინისტრობის დროს, ერთ-ერთი მთავარი პროექტი მქონდა ტყვიის საწარმოს მშენებლობა საქართველოში. მე ვფიქრობ, ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ მისთვის სამხედრო მრეწველობის განვითარება პრიორიტეტული იქნება.

„უნდა დავიწყოთ დღესვე, რა თქმა უნდა, ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოში ფუნქციონირებს სამხედრო ქარხანა „დელტა”.

ცენტრი „დელტა” გასული საუკუნის შუა წლებში შეიქმნა, 1993 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ამჟამინდელი სახით 2010 წლიდან მოქმედებს თბილისის ყოფილი საავიაციო ქარხნის ბაზაზე.

დელტა აწარმოებს ჯავშანმანქანებს, ნაღმმტყორცნებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, პისტოლეტებს, შაშხანებს, ჯავშანჟილეტებსა და სხვა. სამხედრო ცენტრს თავისი პროდუქცია უკვე გააქვს ექსპორტზე საზღვარგარეთ.

ნახეთ მეტი
Back to top button