პოლიტიკა

ინაშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მრჩეველს შორის დაპირისპირება მოხდა

საერთაშორისო კონფერენციაზე დაუპატიჟებლად მისულ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ირმა ინაშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მრჩეველს შორის დაპირისპირება მოხდა.

,,სპუტნიკი საქართელოს“ ინფორმაციით, თბილისში, სასტუმრო Rooms-ში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მრჩეველს დევიდ კრამერს დაუპირისპირდა.

ირმა ინაშვილის თქმით, ის კონფერენციაზე არ მიუწვევიათ, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს უფლება დააფიქსიროს საკუთარი აზრი, სიტყვა მოითხოვა.

მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსთან თავად კრამერი მივიდა და ინაშვილსა და მასთან ერთად მყოფ ტელეარხ „ობიექტივის“ ჟურნალისტს სთხოვა, დაეტოვებინათ დარბაზი, მათ შორის სიტყვიერი შეხლა-შემოხლა დაიწყო.  

„ყველას აქვს კონფერენციაზე დასწრების უფლება. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს რეგისტრაციის გავლაა. ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი პოლიტიკური შეხედულებები, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ. მაგრამ კონფერენციაზე შემოჭრა, ეს უხეშობაა“, — აღნიშნა კრამერმა.

თავად ირმა ინაშვილმა კონფერენციაზე მოულოდნელი გამოჩენა იმით ახსნა, რომ აღნიშნულ ღონისძიებაზე მის პარტიას ცილი დასწამეს.

„ჩვენ ვაფასებთ დასავლეთის მხარდაჭერას. მაგრამ გუშინ ბევრი ციტატა დამახინჯებული იყო ბატონი ბოკერიას მხრიდან, ეს არის ტყული და ცილისწამება. ისინი ცდილობენ თქვენზე შეინარჩუნონ მონოპოლია და მუდმივად გიმტკიცებდნენ, რომ არიან პროდასავლურები და ჩვენ (ქართველი ხალხი) ქვეყნის მტრები და აგენტები ვართ“, — განაცხადა ინაშვილმა.

ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ დევიდ კრამერმა ყვირილი დაუწყო ირმა ინაშვილს: „გადით აქედან, მე არ ვიცი ვინ ხართ თქვენ“.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციას ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენიც ესწრება. მისი დღევანდელი განცხადების თანახმად, თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ ნატოს წესდების მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ნატოს შეუძლია ამის მიღება და პროცესის დაწყება. 

თბილისი უკვე მეორე დღეა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომელსაც 50-ზე მეტი საერთაშორისო დელეგატი და 500-მდე სტუმარი ესწრება.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close