პოლიტიკა

ნიკა რურუას ძმამ „მთავარი არხის“ წილი იყიდა

ახალი მეწილე არხის საწესდებო კაპიტალში 250 000 აშშ დოლარს შეიტანს

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  პოლიტიკოს ნიკა რურუას ძმამ გიორგი რურუამ „მთავარი არხის“ მეწილე კახა ანჯაფარიძისგან 2,5%-იანი წილი იყიდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi გამოცემა „ნეტგაზეტზე“ დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ნასყიდობის ხელშეკრულებაშია მითითებული, რომ გიორგი რურუამ შესყიდულ წილში 2 500 ლარი გადაიხადა.

სანაცვლოდ გიორგი რურუამ აიღო ვალდებულება, რომ წილის რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში არხის საწესდებო კაპიტალში 250 000 აშშ დოლარი შეიტანოს.

რურუამ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ წილის შეძენისა და საწესდებო კაპიტალში შესვლის გადაწყვეტილება მას მიაღებინა „შინაგანმა რწმენამ, თავისუფალი სიტყვისა და აზრის არსებობის აუცილებლობამ“.

არხის შექმნის შემდეგ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტს, 51%-იან წილს, „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ფლობდა, ხოლო 49%-ს კახაბერ ანჯაფარიძე. ანჯაფარიძე ნასყიდობის ამ ხელშეკრულების შემდეგ 46,5%-ს ფლობს, გიორგი რურუა 2,5%-ს, ხოლო ნიკა გვარამია ისევ 51%-იანი წილის მფლობელად რჩება.

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 18 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ დაიბრუნა, იმავე დღეს თანამდებობიდან გაათავისუფლა კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც ახალი ტელეკომპანია „მთავარი არხი“ დააფუძნა. ჟურნალისტების დიდი ნაწილი ნიკა გვარამიასთან წავიდა, ნაწილი კი „რუსთავი 2“-ზე დარჩა.

ნახეთ მეტი
Back to top button