საზოგადოება

ბაზრობა “თერგის” ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

ბაზრობა “თერგის” ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგებს ექსპერტები და სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები შეისწავლიან. როგორც სავაჭრო ცენტრ “თერგის” წარმომადგენელი ალექსანდრე იაშვილი აცხადებს, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროც გამოიკვლევს.

“ჩვენ მივმართავთ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს, რომ იმათაც ჩაატარონ აქ გამოკვლევა და დაგვიდგინონ ამ ხანძრის კერა. ექსპერტ-კრიმინალისტები და სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე ნახავენ იმ ზარალის ოდენობას, რა ზარალიცაა მიყენებული. პოლისით აქვთ მაგათ გათვალისწინებული ეს პირობები და, ალბათ, სადაზღვევო კომპანია კანონის ფარგლებში აანაზღაურებს ამ ზარალს” – განაცხადა სავაჭრო ცენტრ “თერგის” წარმომადგენელმა ალექსანდრე იაშვილმა.

შეგახსენებთ, ხანძარი “თერგის” ბაზრობაზე 2 ოქტომბერს გაჩნდა. ცეცხლმა, რომლის ჩაქრობასაც მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, 250 კვადრატული მეტრის ფართობი გაანადგურა, სადაც, ძირითადად, სათამაშოების საწყობი იყო.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ნახეთ მეტი
Back to top button