პოლიტიკა

გახარიამ აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა: დავით-გარეჯთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯი გადაიდგა

პრემიერის განცხადებით, პატრიოტიზმი არ გულისხმობს ფსევდოპატრიოტულ გამოხტომებს, გამოთქმებსა და დაუფიქრებელ ნაბიჯებს

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომა აზერბაიჯანში ვიზიტის შეფასებით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განიხილეს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული საკითხიც.

გახარიამ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში განახორციელა. ბაქოში მან შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართა.

„ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი, შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და შესაბამისად, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიმართულებითაც უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი”, – განაცხადა გახარიამ.

მისი სიტყვებით, საქართველომ და აზერბაიჯანმა, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, უნდა გადაჭრან საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების საკითხი. ერთ-ერთ მონაკვეთზე მდებარეობს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. კომპლექსის ნაწილს, კერძოდ, ქედის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, უდაბნოს და ჩიჩხიტურის ქართული მონასტრები მდებარეობს.

მრავალი წლები ამ ტერიტორიაზე სტატუს-ქვო ნარჩუნდებოდა. სამღვდელოება, მომლოცველები და ტურისტები თავისუფლად მოილოცებდნენ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებში, თუმცა, აპრილის ბოლოს ვითარება დაიძაბა. აზერბაიჯანული მხარე პერიოდულად კრძალავდა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე წვდომას, ქართველმა აქტივისტებმა კი არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს პრობლემა ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ეკლესიისა და ისტორიული მემკვიდრეობს გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს”, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, პრემიერმა საქართველოს მოქალაქეებს მოქმედებებსა და განცხადებების გაკეთებისას დიდი პასუხისმგებლობისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი არ გულისხმობს ფსევდოპატრიოტულ გამოხტომებს, გამოთქმებსა და დაუფიქრებელ ნაბიჯებს”, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.

ნახეთ მეტი
Back to top button