საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საჰაერო ტრანსპორტს ირჩევენ

ავიარეისი თბილისი–ერევანი–თბილის დიდი პოპულარობით სარგებლობს
,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოსა და სომხეთს შორის ავიამგზავრების ნაკადი ორჯერ მეტად გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
2019 წლის პირველ რვა თვეში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც საჰაერო ტრანსპორტის სახეობა აირჩიეს, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 160,9%–ით გაიზარდა.
საქართველო და სომხეთი მეზობელი სახელმწიფოები არიან, რომელთაც 224 კილომეტრიანი საერთო საზღვარი აქვთ. თბილისიდან ერევანში ავტომობილით 5 საათში შეიძლება ჩასვლა, თვითმფრინავით კი ეს დრო 30 წუთამდე მცირდება, თუმცა, ბილეთის ღირებულება რამდენჯერმე მაღალია.
მიმდინარე წლის ივლისში საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდა. მაშინ ავიაკომპანიებმა მგზავრებს ერევნის გავლით ტრანზიტული რეისები შესთავაზეს, რამაც ხელი შეუწყო საქართველოსა და სომხეთს შორის ავიამგზავრების ნაკადის ზრდას.
გასულ კვირას კანადაში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დირექტორ ლევან კარანაძესა და სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარე ტატევიკ რევაზიანს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის ზრდის დინამიკა და იმსჯელეს ამ მიმართულებით მომავალი პერსპექტივების შესახებ.
ასევე მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ავიაციის სფეროში გამოცდილების გაცვლას.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. მას შემდეგ ქვეყნები მრავალი მიმართულებით თანამშრომლობენ. განსაკუთრებით ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის.