ეკონომიკა

აღმოსავლეთი-დასავლეთის ავტომაგისტრალის პრობლემური მონაკვეთი 2020 წელს გაიხსნება

მიმდინარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის ზრდას უზრუნველყოფს.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, სოფელ ჯაპანადან ლანჩხუთის ცენტრამდე მისასვლელი გზა, რომელიც სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნაწილია, 2020 წელს გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ჯაპანადან ლანჩხუთამდე ტერიტორია, რომელთა შორის მანძილიც 14 კილომეტრია, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მონაკვეთია.

ამ დროისთვის სამუშაოები სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთზე მიდის. პროექტი ითვალისწინებს ოთხზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, 3 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.

„პროექტის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის ამაღლების, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ადრე რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური აღმოჩნდა.

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთი გურიის რეგიონში ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს – ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 254 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა აღმოსავლეთი-დასავლეთის სატრანზიტო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში ხორციელდება.

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

ნახეთ მეტი
Back to top button