პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – გაეროს პროგრამების განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გაეროს კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი და გაეროს რეზიდენტი სააგენტოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლობის მნიშვნელობისა და ქვეყნის განვითარების საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა.

მხარეებმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების გზები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაეროს წარმომადგენლობას საქართველოში იმ მრავალფეროვანი პროგრამებისათვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ხორციელდებოდა და ხელს უწყობდა როგორც რეგიონული განვითარების, ასევე უნივერსალური ჯანდაცვის, თანაბარი შესაძლებლობებისა და სამართლიანობის მიმართულებების განვითარების კუთხით.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას ისაუბრა ასევე, ისეთ გლობალურ გამოწვევაზე, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები და აღნიშნა, რომ საჭიროა, ამ მიმართულებით საქართველო მსოფლიო საზოგადოების პარტნიორი და კონტრიბუტორი გახდეს.

,, სწორედ ეს იყო ის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც წელს გაეროში გამართულ სამიტზე მივიღე მონაწილეობა. ვფიქრობ, საქართველომ, გააზრებული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს არსებულ გამოწვევებთან საბრძოლველად“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა პრეზიდენტს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ქვეყნის სახელმწიფო უწყებებთან გაეროს სააგენტოების თანამშრომლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გაეროს კვირეული დღეს სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღით დაიწყო და 24 ოქტომბერს დასრულდება. წელს გაეროს დღის თემა – ‘’გლობალური მიზნების თაობა’’ კლიმატის სამიტს ეხმიანება, რომელიც სექტემბერში გაეროს შტაბბინაში ჩატარდა.
გაეროს დღის ფარგლებში დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, კერძოდ: საჯარო ლექციები, გარემოსდაცვითი ღონისძიება ქუთაისში, შეხვედრები ახალგაზრდებთან, თანასწორობის ბიბლიოთეკისა და გამოფენის გახსნა უშგულში.

ნახეთ მეტი
Back to top button