პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება

ზურაბიშვილს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს სხვადასხვა შეხვედრები.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით იაპონიაში გაემგზავრა, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.

გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი აქვს შეხვედრები, როგორც იაპონიის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ასევე ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან.

„საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში შეხვდება იაპონიის პრემიერ-მინისტრს, შინძო აბეს, უსაფრთხოების ცენტრში კიბერუსაფრთხოების ჯგუფის წარმომადგენლებს, იაპონიის პარლამენტში იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის პრეზიდენტს, აკიკო სანტოს, იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს და ტოკიოს მერს იურიკო კოიეკეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ზურაბიშვილის ვიზიტი იაპონიაში საკმაოდ დატვირთული კულტურული პროგრამით გამოირჩევა. საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოში კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით, იაპონიის ტურიზმისა და ღვინის სექტორების წარმომადგენლებს, ასევე კულტურის სასახლის პრეზიდენტსა და მედიაჰოლდინგ „ფუჯის“ აღმასრულებელ დირექტორს, იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს და 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საპატიო პრეზიდენტს შეხვდება

ასევე, პრეზიდენტი ტოკიოში რამდენიმე მუზეუმს დაათვალიერებს, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების მუზეუმს, ციფრულ მუზეუმსა და მირაიკანის მუზეუმს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში ქართულ დიასპორასა და ქართველ სპორტსმენს, ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) შეხვდება.

სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში სამუშაო ვიზიტს 25 ოქტომბერს დაასრულებს.

საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. ქართულ-იაპონური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურულ და აგრარულ სფეროებში.

ნახეთ მეტი
Back to top button