საზოგადოება

ექიმთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია განგაშს ტეხს: სამშობიარო სახლები იხურება

სამშობიარო სახლების ტერორი – ასე აფასებს „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის” თავმჯდომარე სალომე ლოლუა იმ რეგულაციებს, რომელთა შედეგად ქვეყანაში სამშობიარო სახლები იხურება. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს „სპუტნიკი-საქართველო“.

საქართველოში სამშობიარო სახლებისთვის 2017 წლის 1 მარტიდან სანქციები ამოქმედდა: სამშობიარო სახლს აქვს უფლება, წლის განმავლობაში საკეისრო კვეთა ჩაუტაროს მშობიარეების მხოლოდ 40%-ს. ვინც ამ მაჩვენებელს ამეტებს, ჯარიმდება.

ლოლუას განცხადებით, წლის განმავლობაში მხოლოდ თბილისში სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმდა 17 სამშობიარო სახლი, აქედან ხუთი – დაიხურა. ამასთან, კლინიკების ჯარიმა იმდენად დიდია, რომ საავადმყოფოებს ამის გადახდა არ შეუძლიათ, აღნიშნავს ლოლუა. ჯარიმის მინიმალური თანხა 40 ათასი ლარია, ხოლო მაქსიმალური – დაახლოებით 360 ათასი.

„ამ რეფორმამ მოგვცა ის, რომ მივიღეთ მორბენალი მშობიარეები. როდესაც კლინიკას საკეისრო კვეთის დაწესებული ლიმიტი შევსებული აქვს, მშობიარეს საკეისრო კვეთაზე უარს ეუბნება და ის იძულებულია, კლინიკიდან კლინიკაში ირბინოს. შესაბამისად, ტერმინი „მორბენალი მშობიარეები” საქართველოში დაინერგა”, – აღნიშნა ლოლუამ და დასძინა, რომ ეს ერთ-ერთი მიზეზია დედებისა სიკვდილიანობისა და ჩვილთა ტრავმების რაოდენობის გაზრდისა.

საქართველოს კანონმდებლობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფიზიოლოგიურ მშობიარობას 500, ხოლო საკეისრო კვეთას 800 ლარით აფინანსებს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საკეისრო კვეთა არა სამედიცინო მაჩვენებლებით, არამედ მშობიარის პირადი მოთხოვნით კეთდება, სახელმწიფო იხდის არა 800, არამედ 500 ლარს.

ნახეთ მეტი
Back to top button