პოლიტიკა

შესწორებებს მსვლელობა მიეცა – საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით უნდა ჩატარდეს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა არჩევნებთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესწორებების ორი ვარიანტი განიხილა

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოიწონა საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებები, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემითა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით შესწორებების ორი ვარიანტი განიხილა – ერთი ოპოზიციის ზეწოლით მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” შეიმუშავა, ხოლო მეორე – საინიციატივო ჯგუფმა, რომელმაც აუცილებელი 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა.

ქართული ოცნების” პროექტი

„ქართული ოცნების” კანონპროექტი დამუშავდა საჯარო განხილვების შედეგების მიხედვით. განხილვები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობდნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

„არის მთელი რიგი საკითხები, სადაც მიღწეულია პოლიტიკური კონსენსუსი. ჩვენ იმ პრინციპის ერთგულები ვრჩებით, როგორც დავაინიცირეთ აღნიშნული პროექტი. ძირითადი არსი იგივე რჩება, თუმცა განხილვების შედეგად გამოთქმული მოსაზრებების, მათ შორის საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ გამოთქმული შენიშვნების შედეგად, გარკვეული კორექტივები იქნა შეტანილი პროექტში”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

კანონპროექტის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ პარტიებს და არ იქნება არანაირი ბლოკები. ამასთან, თითოეულმა პარტიამ, არჩევნებში მონაწილეობისთვის, უნდა წარმოადგინოს ამომრჩევლის მხოლოდ 5 ათასი ხელმოწერა ნაცვლად 25 ათასისა.

ამ მოთხოვნისგან თავისუფლდებიან პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებში და შეძლეს სულ ცოტა 15 ათასი ხმის მიღება.

ეს შეღავათები ეხება ასევე პარტიებს, რომელთა კანდიდატებმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სულ ცოტა 15 ათასი ხმა მიიღეს.

სადეპუტატო მანდატების განაწილება არჩევნების შედეგად შემდეგი ფორმულით არის შემოთავაზებული: არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე (დეპუტატების რაოდენობა საქართველოს პარლამენტში) და იყოფა არჩევნებზე მისული ამომრჩევლის საერთო რაოდენობაზე.

საინიციატივო ჯგუფის პროექტი

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ შეიტანა, ასევე ითვალისწინებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, მაგრამ სამპროცენტიანი ბარიერითა და საარჩევნო ბლოკების მონაწილეობით.

კაციტაძის განცხადებით. შეთავაზებული საარჩევნო ბარიერი შეამცირებს ამომრჩევლების ხმების მოსალოდნელ დანაკარგს და პარტიების დიდ რაოდენობას პარლამენტში მოხვედრის საშუალებას მისცემს, რაც მრავალპარტიულ დემოკრატიას უზრუნველყოფს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ამ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, ასე რომ, მას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არ განიხილავენ.

ამჟამინდელი კანონმდებლობით, 73 დეპუტატს ირჩევენ მაჟორიტარულ ოლქებში, დანარჩენები კი პარტიული სიებით გადიან.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად „ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო. 2019 წლის გაზაფხულზე პარტია რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, ამდენად მმართველ პარტიას ახლა ჩვეულებრივი უმრავლესობა აქვს.

ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც აღიარებს, რომ არჩევნების ახალი სისტემით ჩატარების პირობებში პარლამენტში უმრავლესობის მიღების შანსი ძალზე მცირეა, ამიტომ ყველა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების აუცილებლობის სცენარისთვის ემზადება.

ნახეთ მეტი
Back to top button