საზოგადოება

წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება

სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი მეუფე იაკობის განცხადებები იქნება.

წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება, განაცხადა საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

დეკანოზის განცხადებით, სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე არის დაგეგმილი. მისივე ინფორმაციით, სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობიც დაესწრება, რომელიც სინოდის წევრია.

დეკანოზმა აღნიშნა, რომ პატრიარქის გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ჟურნალისტებს მოუწოდა, ეკლესიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, წინასწარ ნუ გააკეთებენ მკვეთრ განცხადებებს.

„ისედაც, საზოგადოება დაძაბულია და ელოდება ეკლესიისაგან განმარტებების გაკეთებას და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, გზაჯვარედინებზე მოსმენილ ამბებს ნუ მოუყვებით ქართულ საზოგადოებას. ეს ძაბავს ჩვენს საზოგადოებას და იწვევს მათ დამუხტვას უარყოფითად. დღეს რამდენჯერმე მოვისმინეთ მედიასაშუალებებით ინფორმაცია, თითქოსდა, პატრიარქი განარიდეს ქალაქს და ის აპირებდა განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით. ეს არის ყველაფერი მტკნარი სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება“, – განაცხადა დეკანოზმა.

ნახეთ მეტი
Back to top button