პრეზიდენტი პარლამენტს შეწყალების საკითხზე მომუშავე სათათბირო ორგანოს შექმნას სთავაზობს

interpressnews.ge საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს შეწყალების საკითხზე მომუშავე სათათბირო ორგანოს შექმნას სთავაზობს.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა და როგორც სააგენტოს აცნობა, სწორედ კომისიის ან სათათბირო ორგანოს შექმნაა „შეწყალების წესის შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის ძირითადი არსი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რეკომენდაციებისათვის საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა.
უფრო კონკრეტულად, ინფორმირებული პირის ინფორმაციით, „პრეზიდენტი ფიქრობს კომისიის ან სათათბირო ორგანოს შექმნაზე, სადაც შეწყალების შემთხვევების განხილვა მოხდება და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას“.
გარდა პრეზიდენტის ინიციატივისა, „ინტერპრესნიუსისთვის“ ცნობილია ის ძირითადი პრინციპებიც, რომელსაც თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ გუნდი სთავაზობს პრეზიდენტს.
კერძოდ, მმართველი გუნდის აზრით, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ჩადენილი დანაშაულის ხასიათი; სოციალური რისკი; არის თუ არა დანაშაული ჩადენილი ბავშვის წინააღმდეგ; ქალის წინააღმდეგ; ან მოწყვლადი ჯგუფების მიმართ; ჩადენილია თუ არა დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკით;შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებულს აქვს შესაძლებლობის შეზღუდვის ისეთი ხარისხი ან ისეთი სამედიცინო დიაგნოზი, რომელიც შეუთავსებელია სასჯელის მიზნებთან;
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოში განხორციელებულ შეწყალებას საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა, ვინაიდან შეწყალებულთა შორის პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირიც შედის. საზოგადოების პროტესტის შემდეგ პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა და შეწყალების საკითხთან მიმართებაში საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა დააანონსა.