პოლიტიკა

ევაკუაცია ბათუმში: თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განგაშის სიგნალი ჩაირთო

ფორუმის დელეგატთა შორის საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, ნატოს მაღალჩინოსნები და ამერიკელი კონგრესმენები არიან

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში”, სადაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია იმართება, სახანძრო-საევაკუაციო განგაში გამოცხადდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატებმა მეორე სართული დატოვეს და ფოიეში ჩამოვიდნენ.

სასტუმრო „ჰილტონის” ადმინისტრაციის განმარტებით, მიზეზი შესაძლოა კვამლი გახდა, რომელიც სამზარეულოდან გავიდა. გენერალური მენეჯერის ჟან კოლ დენის განცხადებით, პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

„მინდა, ბოდიში მოვუხადო სტუმრებს, ჩვენ გვქონდა საგანგაშო სიგნალი, მაგრამ ახლა ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. უსაფრთხოებაზე ვართ ორიენტირებულები, რომ ყველაფერი იყოს კარგად. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, არანაირი პრობლემა არ არის, მიმდინარეობს სისტემის მონიტორინგი”, – განაცხადა ჟან კოლ დენმა.

ამ დროისთვის, კონფერენცია უკვე დაწყებულია და ყველა სტუმარი დარბაზში იმყოფება.

6-7 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას მასპინძლობს. რიგით მე-13 კონფერენცია ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში” ტარდება. ფორუმის დელეგატთა შორის საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ნატოს მაღალჩინოსნები და ამერიკელი კონგრესმენები არიან.

ნახეთ მეტი
Back to top button