პოლიტიკა

ბესელია პარლამენტარ კოლეგებს „სიურპრიზს“ უმზადებს

პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ მოუწოდა მოსახლეობას დაიწყოს ბრძოლა იმისათვის, რომ ქვეყანაში იყონ საიმედო, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები

,,სპუტნიკი საქართველოს „ ინფორმაციით,  საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია, რომელმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” სკანდალით დატოვა, სასამართლო რეფორმით უკმაყოფილების გამო საპროტესტო აქციას გეგმავს.

პარლამენტში დასასრულს უახლოვდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენის პროცესი. სექტემბრის დასაწყისში საკანონმდებლო ორგანოში 20 კაციანი სია შეიტანეს. დეპუტატები მათთან რიგ-რიგობით შეხვედრებს მართავენ. ბოლო კანდიდატთან შეხვედრა პარასკევს გაიმართება, რის შემდეგაც დაინიშნება კენჭისყრის თარიღი.

„მინდა მივმართო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც კარგად ესმის რას ნიშნავს დაცულობა კვლიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლის ხელში, რომ კენჭისყრის დღეს პროტესტი მძლავრად იყოს გამოხატული. ეს პროტესტი უნდა გაიგოს საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც ხალხის სახელით უნდა გადაწყვიტოს ხალხის მომავალი. ეს მომავალი არის თქვენს ხელში“, – განაცხადა ბესელიამ.

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უკმარისობაა. ამჟამად იქ მუშაობს 11 მოსამართლე, მაშინ, როდესაც, სულ მცირე, 28 მოსამართლე უნდა იყოს. მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაჭიანურდა სკანდალის გამო, რომელიც 2018 წლის დეკემბერში მოხდა. ამ ფონზე ბესელიამ, რომელიც „ქართული ოცნების“ შექმნის სათავეში იდგა და სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ავტორი იყო, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

უთანხმოების მიზეზი გახდა მოსამართლეთა კანდიდატების ათკაციანი სია. ამ სიაში შეტანილი იყო იმ მოსამართლეთა გვარები, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იმ დროს ოპოზიციური „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა საქმეებზე სკანდალური გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და რომელთაც ბოლო დროს სასამართლოს „კლანურ მართვაში“ ადანაშაულებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სია გამოიწვია, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ მოსამართლეთა შერჩევის მკაფიო კრიტერიუმები შეიმუშავა, ურთიერთობები ყოფილ თანამოაზრეებს შორის კიდევ უფრო გაუარესდა. ბესელიამ და მისმა მხარდამჭერმა ჯგუფმა იუსტიციის უმაღლეს საბჭო დაადანაშაულეს იმაში, რომ შერჩევისა და გამჭვირვალობის ახალი წესების პირობებშიც კი მან ფსონი მოსამართლის წოდებისთვის უღირს კანდიდატებზე გააკეთა.

„ამ 20-კაციან სიაში 15 არის ის მოსამართლე, რომლებიც სწორედ იმ რეჟიმს აძლიერებდა და იმ უსამართლობას ქმნიდა. ის 10 – კაციანი სია შევაჩერეთ. მაშინ ეს მოხდა გარე დიდი საპროტესტო აქციების თუ გარე დიდი წნეხის გარეშე, თუმცა საზოგადოების ძალიან დიდი ჯგუფი ამ ყველაფრის წინააღმდეგ გამოდიოდა. მოსამართლეების 20-კაციანი სიის არჩევის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა დგას საფრთხის წინაშე, რომ ბევრი წლის განმავლობაში აღარ იქნება სამართალი“, – განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატმა თავის თანამოაზრეებს მიმართა და მოუწოდა, რომ დაიწყონ კონსულტაციები პროტესტის ფორმის შესახებ, რომელიც არჩევნების დღეს ყველაზე შესაფერისი და მისაღები იქნებოდა.

ბესელიას შემდეგ „ქართული ოცნება” დატოვეს დეპუტატებმა გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გია ჟორჟოლიანმა, კობა ნარჩემაშვილმა, ლევან კობერიძემ და მირიან წიკლაურმა. შედეგად კი „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. მაგრამ, როგორც ამას პარტიის ლიდერები აცხადებენ, საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ უკვე აღარ სჭირდებათ, რადგან ქვეყნის მთავარი კანონი უკვე განახლებულია.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close