მარგველაშვილი უცხოეთის ქვეყნების ლიდერებს საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართვას სთხოვს
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს მხარდაჭერა გამოუცხადა
,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა და სიტყვით გამოსვლისას საზღვარგარეთის ქვეყნების ლიდერებს საქართველოშიმიმდინარე პროცესებში ჩარევა სთხოვა.
მასშტაბური აქცია პარლამენტის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც ხუთშაბათს პარლამენტში კონსტიტუციაში შესწორებების მიღება ჩავარდა. შესწორებები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე 2020 წლიდან ითვალისწინებდა.
მომიტინგეები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვენ.
„აქედან მივმართავ ჩემს ასობით მეგობარს ათობით დედაქალაქში. ჩემო ევროპელო, ჩემო ამერიკელო, ჩემო დასავლელო მეგობრებო, უნდა იცოდეთ, რომ ცდილობენ, იმ თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს, რომელიც თქვენ მოგწონდათ, მომავალი დაუმთავრონ. განსაკუთრებით მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, თქვენი უნარი, თქვენი კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, „ან ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს, ან ეს ქვეყანა დაემსავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი არის ცხოვრების წესი“.
პრეზიდენტმა განაცხადა,რომ ის დემონსტრანტების გვერდით იდგება ბოლომდე.
„ვუერთდები თქვენს აქციას და ბოლომდე ვიქნები თქვენი სულიკვეთებისა და ბრძოლის მხარდამჭერი“, – განაცხადა ექს–პრეზიდენტმა.