კულტურა

„საბავშვო ევროვიზია 2019″: კონკურსანტი საქართველოდან პოლონეთში გაემგზავრა

წელს სიმღერის საერთაშორისო კონკურსშისაბავშვო ევროვიზია – 2019″ მონაწილეობას მიიღებს 19 ქვეყნის წარმომადგენელი

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენელი სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2019″ გიორგი როსტიაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად პოლონეთში გაემგზავრა, იუწყება პირველი არხი.

გიორგი როსტიაშვილი თავის სიმღერას „გვინდა, გვიყვარდეს” (We need Love) 24 ნოემბერს პოლონეთის ქალაქ გლივიცაში, Arena Gliwice-ს სცენაზე შეასრულებს. კონკურსში მასთან ერთად 19 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ევროვიზიის პროდიუსერის, ნათია უზნაძის განცხადებით. კონკურსის ფარგლებში პირველი ღონისძიება წითელი ხალიჩა იქნება, სადაც გახდება ცნობილი, თუ რა ნომრით გამოვა როსტიაშვილი კონცერტზე.

უზნაძემ აღნიშნა, რომ კონკურსზე პროგნოზების გაკეთება არ შეუძლია, თუმცა მხოლოდ კარგ შედეგს ელოდება.

„როგორც საბავშვო, ისე დიდების ევროვიზიას წინასწარ ვერასდროს გათვლი. ამიტომ, მოლოდინი ყოველთვის გვაქვს ძალიან კარგი. დარწმუნებული ვარ, გიორგის მიერ შესრულებული სიმღერა ყველას ძალიან მოეწონება, უმაღლეს შეფასებას მიიღებს”. – აღნიშნა პროდიუსერმა და ყველას მოუწოდა, ვებ-გვერდის საშუალებით მისცენ ხმა გიორგის.

საინტერესოა, რომ საკონკურსო ქულებს საქართველოს სახელით გამოაცხადებს ვოკალური შოუ „რანინას” ერთ-ერთი მონაწილე ანასტასია გარსევანიშვილი.

უფრო ადრე როსტიაშვილმა წარმოადგინა კლიპი სიმღერაზე, რომლის რეჟისორი იყო დამდგმელი და კლიპმეიკერი ზაზა ორაშვილი, ხოლო მხატვარი – შაკო პოპიაშვილია. კლიპში გიორგისთან ერთად გადაიღეს საბავშვო ვოკალური შოუ „რანინას” მონაწილეები. სწორედ ამ პროექტში გამარჯვების წყალობით როსტიაშვილმა მიიღო შანსი, რომ წარადგინოს სამშობლო ევროვიზიის სცენაზე.

გიორგი როსტიაშვილი კახეთიდანაა, საგარეჯოს რაიონიდან. მუსიკის სამყაროში ბიჭუნას კერპია მაიკლ ჯექსონი. რეპეტიციებსა და შოუ „რანინაზე” გამოსვლისთვის ის რაიონიდან ჩამოდიოდა და შემდეგ უკან ბრუნდებოდა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო დროს მას უკვე სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ცნობდნენ, რაც ძალიან სიამოვნებდა.

საქართველო 2018 წელს საბავშვო ევროვიზიაზე თამარ ედილაშვილმა წარადგინა. მან მერვე ადგილი დაიკავა. საქართველო სამჯერ – 2008, 2011 და 2016 წლებში გახდა კონკურსის გამარჯვებული. 2017 წელს საბავშვო ევროვიზია თბილისში გაიმართა.

ნახეთ მეტი
Back to top button