პოლიტიკა

ოპოზიცია დიალოგზე წასვლას არ აპირებს

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მზად არიან, განაგრძონ არა მხოლოდ პარლამენტის შენობის, არამედ სხვა სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებს და პარლამენტში დებატებს არ ეთანხმება – ასეთი შედეგით დასრულზე 20–ზე მეტი ოპოზიციური პარტიის თათბირი.

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ოპოზიციას ორშაბათს საარჩევო სისტემის შეცვლის თემაზე, ქუჩის საპროტესტო აქციების ნაცვლად, პოლიტიკური დებატების პარლამენტში გამართვა შესთავაზა.

ოპოზიციის ლიდერები სამშაბათს, 19 ნოემბერს აქციის ჩატარებას თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გეგმავენ, სადაც განხილული იქნება გუშინ პარლამენტისა და რუსთაველის გამზირის დებლოკირებისას დაკავებულებისთვის აღკვეთის ზომის შეფარდება.

გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგი პარლამენტის შენობის წინ 19 საათზეა დაგეგმილი. პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ მზად არიან, განაგრძონ არა მხოლოდ პარლამენტის შენობის, არამედ სხვა სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება.

პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ საპროტესტო აქციებს, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

„ევროპელების“ სხვა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ დიალოგის რესურსი ამოწურულია.

„იყო დიალოგი, ივანიშვილმა ეს დიალოგი შეწყვიტა… დიალოგი შეწყვიტეს მათ, როცა საზოგადოება გადააგდეს… პირობა შეასრულონ. ხელისუფლების სიტყვას კი ფასი აღარ აქვს, მან პირველ რიგში საზოგადოება მოატყუა. მაგრამ თუ მმართველ ძალას ვითარების განმუხტვა მაინც სურს, ამის გაკეთება გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარებით ჯერ კიდევ შესაძლებელია… ეს იქნება ნაბიჯი განმუხტვისკენ და გნებავთ, დაარქვით დიალოგისკენ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

არჩევნების გერმანულ მოდელზე გადასვლა ოპოზიციური პარტიების ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნაა. ეს მოდელი გულისხმობს არჩევნების შერეული – პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებას, ხოლო ადგილების განაწილებას – მხოლოდ პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერები აღნიშნავენ, რომ სამშაბათს გამოაცხადებენ მასშტაბური საპროტესტო აქციის ჩატარების თარიღს და სამომავლო გეგმებს.

თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. 17 ნოემბრიდან პარლამენტის ყველა შენობასთან გაშლილი იყო კარვები, მმართველი პარტიის დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მომიტინგეთა შორის იყვნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების დეპუტატები.

ორშაბათს პოლიციამ  რუსთაველზე შეკრებილი საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალა. მანამდე სამართალდამცველებმა მომიტინგეებს რამდენჯერმე მოუწოდეს შეეწყვიტათ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და დეპუტატებისთვის საქმიანობის ხელშეშლა, რადგან ეს კანონით იკრძალებოდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა პოლიციის გაფრთხილება არ გაითვალისწინეს.

ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კარვების, ქვიშის ტომრებისა და ცეცხლის დასანთებად საჭირო კასრებისგან გაწმენდილია, ამასთან გახსნილია რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი.

ნახეთ მეტი
Back to top button