საზოგადოება

აქცია თბილისის სასამართლოსთან – რა განაჩენს გამოუტანს მოსამართლე დაკავებულებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებულთა მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია იმართება

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 18 ნოემბერს დაკავებული 37 პირის საქმის განხილვა განახლდა.

სასამართლოს შენობასთან მეორე დღეა ბრალდებულთა მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ორშაბათს პარლამენტის პიკეტირებისას ჩიტაძის ქუჩაზე დააკავებს. იმავე დღეს ხელწერილით გათავისუფლდა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

„ბრალდების მხარემ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. დარწმუნებული ვარ, სხვა დროსაც ვერანაირ მტკიცებულებას ვერ წარმოადგენს, ვინაიდან ამ ადამიანების მიერ დარღვეული რომელიმე სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი რეალობაში არ არსებობს“, – განაცხადა დაკავებულთა ადვოკატმა გიორგი ონიანმა.

ყველა მათგანს ჯარიმა ან ადმინისტრაციული წესით 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სასამართლო ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სასამართლო დარბაზიდან ორ პირთან ერთად „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი სერგო რატიანი გააძევეს, ხოლო სამოქალაქო აქტივისტმა ლაშა ჩხარტიშვილმა, რომელმაც მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილს „სამარცხვინო“ უწოდა, დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

პოლიციისა და მმართველი პარტიის ლიდერების მრავალრიცხოვანი გაფრთხილების მიუხედავად მომიტინგეები უკან დახევას არ აპირებენ – ისინი პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას მომავალშიც აპირებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button