ჩვენ სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებას თურქეთთან ჩვენი ურთიერთობების წინაპირობად არ ვთვლით

სომხეთი მზად არის ყველანაირი წინაპირობის გარეშე დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები თურქეთთან. “არმენპრეს”-ის გადმოცემით, ამის შესახებ გაზეთ “კორიერ დელა სერასთან” ინტერვიუში აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, უპასუხა რა შეკითხვაზე ანკარასთან დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ.
”ჩვენ ვთქვით და ვიმეორებთ, რომ ჩვენ მზად ვართ ყველანაირი წინაპირობის გარეშე დავამყაროთ დიპლომატიური ურთიერთობები თურქეთთან. ჩვენ არ ვთვლით სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებას თურქეთთან ჩვენი ურთიერთობის წინაპირობად. ეს აღიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც აუცილებელია არა თუ მათთან ჩვენი ურთიერთობებისთვის, არამედ, როგორც ვთქვი, გენოციდების გლობალური პრევენციისთვის”,- აღნიშნა სრ პრემიერ-მინისტრმა.
ნიკოლ ფაშინიანი შეეხო აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. სომხეთის პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ხელს შეუწყობს შესაძლო შემდგომი გენოციდების პრევენციას.
”უფრო მეტიც, ასეთი გადაწყვეტილებები ცვლის ატმოსფეროს ჩვენს რეგიონში. ეს არის მესიჯები, რომ ასეთ აგრესიულ პოლიტიკას არ მიიღებს საერთაშორისო თანამეგობრობა. სამწუხაროდ, გენოციდიდან საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, სომხების მიერ თურქეთი ჯერ კიდევ აღიქმება, როგორც ჩვენი უსაფრთხოების პოტენციური საფრთხე. თითქმის 30 წელი გავიდა, რაც ჩვენი საზღვარი დაიხურა თურქეთის მხრიდან და არა ჩვენიდან. სომხეთის მხრიდან ის ღიაა, ”- აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.