პოლიტიკა

ცნობილია, როდის შეიძლება აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის

ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას მოსკოვი ცალმხრივად, თბილისთან მიზანმიმართული კონსულტაციების გარეშე მიიღებს

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა, შესაძლოა, 2020 წლის პირველ ნახევარში მოიხსნას, წერს გამოცემა Известия ინფორმირებულ სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით.

პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის ამა წლის 8 ივლისს შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამგვარი გადაწყვეტილება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. მას შემდეგ ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლა მესამე ქვეყნის მეშვეობით ხორციელდება.

როგორც ცნობილი გახდა, ქვეყნებს შორის ფრენების აღდგენა შეიძლება ახალ წლამდე მომხდარიყო, თუმცა, ამას საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების თანხლებით არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა შეუშალა ხელი.

სააგენტოს თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ, მიუხედავად „რუსოფობიის” შემცირებისა, ქვეყანაში უსაფრთხოების სათანადო დონე არ არის. ამასთან, ფრენების გაყინვა მოსკოვმა ცალმხრივად მიიღო, ამიტომ აღდგენაზეც თბილისთან მიზანმიმართული კონსულტაციების გარეშე იფიქრებენ, აღნიშნა მან.

საპროტესტო ტალღა საქართველოში 14 ნოემბერს დაიწყო – მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კონსტიტუციაში პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული შესწორებები ჩააგდო. დეპუტატებმა ოპოზიციური პარტიებიდან ხელისუფლებას ბოიკოტი გამოუცხადეს და აქციების მონაწილეებთან ერთად პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას ცდილობენ, რაშიც მათ ხელს შსს უშლის სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით.

მომიტინგეები მოითხოვენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უკვე 2020 წლის არჩევნებზე გადასვლას, რაზეც ხელისუფლება აცხადებს, რომ შესწორებებს კონსტიტუციაში ხელახლა აღარ განიხილავს. ხელისუფლება ასევე უარს ამბობს ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ე. წ. გერმანულ მოდელზე, როდესაც მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით დაითვლიან.

ნახეთ მეტი
Back to top button