ოპოზიციას პროტესტი რეგიონებში გადააქვს

პარლამენტის პიკეტირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დღეს არის დაგეგმილი. სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურები უნდა განიხილონ
,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პროტესტის თბილისიდან რეგიონებში გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი მსვლელობას მოაწყობენ ქუთაისში. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.
საპროტესტო აქციები თბილისში 14 ნოემბრიდან არ წყდება, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ხელისუფლების მიერ დაპირებული შესწორებები ვერ მიიღო კონსტიტუციაში, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე 2020 წლისთვის ითვალისწინებდა.
„რეგიონში იწყება აქციები. დაიწყება ქუთაისიდან პარასკევს და სავარაუდოდ, 2 საათზე გვექნება დიდი მსვლელობა-აქცია ქუთაისში”, – განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, ქუთაისში უკვე ერთ კვირაში მეორედ გაიმართა მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მომხრეების აქცია. მათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს.
ამავდროულად, ოპოზიცია აქციის მოწყობას თბილისშიც გეგმავს.
„ველოდებით მოსამართელებთან დაკავშირებით კომიტეტს და იქნება პიკეტირება”, – განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, უახლოეს მომავალში ოპოზიცია და უმრავლესობა, სავარაუდოდ, კვლავ მიუსხდება მოლაპარაკებების მაგიდას.
საქმე ისაა, რომ კომპრომისის სახით ოპოზიციამ შესთავაზა მმართველ გუნდს გერმანული მოდელი, რომლის მიხედვითაც მაჟორიტარული არჩევნები შენარჩუნებული იქნება, მაგრამ ისინი არა ერთმანდატიან, არამედ მრავალმანდატიან ოლქებში ჩატარდება. ამასთან პარტია პარლამენტში მიიღებს იმდენ ადგილს, რამდენიც მას პროპორციული არჩევნების შედეგებით ერგება.
მოქმედი კონსტიტუციით, 77 მანდატი ნაწილდება პარტიებს შორის, ხოლო 73 – კონკრეტულ კანდიდატებს შორის, რომლებმაც თავის ერთმანდატიან ოლქში ხმების ნახევარზე მეტი მოაგროვეს.
ოპოზიცია თავისი პროექტის ეუთოში გაგზავნას აპირებს, რათა ორგანიზაციამ თავისი დასკვნა დადოს – შეესაბამება თუ არა ის საქართველოს კონსტიტუციას. ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ პასუხი დადებითი იქნება და ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას გეგმავს.