პოლიტიკა

გაერთიანებული ოპოზიციის რიგებს ერთ-ერთი პარტია ტოვებს

არსებულ ფორმატში მონაწილეობა პარტიის ლიდერისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან გაერთიანების ერთერთი წევრი მოსკოვში მოლაპარაკებებზე გაემგზავრა

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გადაწყვიტა დატოვოს ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილი ფორმატი, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების მოთხოვნით გამოდის. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

14 ნოემბერიდან საქართველოში გაერთიანებული ოპოზიცია და ახალგაზრდული მოძრაობები მაჟორიტარული სისტემით დეპუტატების არჩევას აპროტესტებენ. ამ ბრძოლაში გაერთიანდნენ ის ოპოზიციური პარტიები, რომელთა ერთად დგომა მათი საგარეო თუ შიდა პოლიტიკური შეხედულებების გამო წარმოუდგენელი იყო.

ჩარკვიანის თქმით, აღნიშნულ ფორმატში შემდგომი მონაწილეობა მისთვის მიუღებელია, რადგან მისი ერთ-ერთი წევრი მოსკოვში მოლაპარაკებებზე გაემგზავრა. საუბარია ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერზე, ნინო ბურჯანაძეზე.

„მართალია, ვერცერთ პარტიას ვერ ვუკარნახებთ პოლიტიკური დღის წესრიგს, თუმცა აქამდეც გვიძნელდებოდა პარტნიორობა საგარეო კუთხით განსხვავებული კურსის მქონე პოლიტიკურ სუბიექტთან და მივიღეთ ურყევი გადაწყვეტილება, რომ უარი ვთქვათ ამ ფორმატში მონაწილეობაზე და დავტოვოთ იგი“, – დაწერა ჩარკვიანმა.

ამასთან „კანონისა და სამართლის“ ლიდერმა განაცხადა, რომ გააგრძელებს ბრძოლას „დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად“.

ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა პოლიტიკოსმა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ, რომელიც ზემოხსენებული ფორმატის მონაწილეა, კომენტარი გააკეთა ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით.

ჩვენ გავერთიანდით მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, ერთი მიზეზითეს არის სამართლიანი პროპორციული არჩევნების მოთხოვნა. იქნება ჩვენთვის მიუღებელი, მეტნაკლებად მისაღები, თუ მისაღები პოლიტიკური პარტია, მთავარი არის ის, რომ ყველას გვჭირდება სწორი, თანაბარი და თავისუფალი სამართლიანი საარჩევნო გარემო“,- აღნიშნა გიგი უგულავამ.

ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა ვაჟთან, ანზორ ბიწაძესთან ერთად, რომელიც პარტიის მმართველობის წევრია. შეხვედრები პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებთან გაიმართება. შეხვედრების თემები ტრადიციულად შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს.

ნახეთ მეტი
Back to top button