საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის სხდომა 2020 წლის პირველ კვარტალში გაიმართება.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში ექსპერტების მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის ბოლომდე გაიმართება, განუცხადა ჟურნალისტებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხალაფ ხალაფოვმა.
საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი, მათ შორის, დავით-გარეჯის მონაკვეთი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. ეს არის უნიკალური კლდეში ნაკვეთი ქართული სამონასტრო კომპლექსი, რომელიც 25 კილომეტრის სიგრძის ტერიტორიაზეა გადაჭიმული.
„ორივე მხარისთვის ეს ძალიან აქტუალური საკითხია, რომელიც ორი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დღის წესრიგში დგას. არსებობს უთანხმოება, საჭიროა გარკვეული მასალების გადახედვა. ექსპერტები ერთმანეთს ადგილზე ხვდებიან. ეს შეხვედრები უნდა გაგრძელდეს ისე, რომ გარკვეული პროგრესი უკვე უშუალოდ კომისიის სხდომებზე გვქონდეს. ჩვენ ვაგრძელებთ პროცესს. წლის ბოლომდე გაიმართება შეხვედრა ექსპერტების დონეზე, ხოლო მომდევნო წლის პირველ კვარტალში მოსალოდნელია კომისიის სხდომა”, – განაცხადა ხალაფოვმა.
მისი განცხადებით, ბაქო და თბილისი უნდა შეეცადონ არ აჰყვნენ პროვოკაციებს საზღვრის დელიმიტაციის საკითხში.
„მე არ მსურს ამ საკითხის პოლიტიზირება. ფაქტორებსა და გავლენებს დელიმიტაციის პროცესთან საერთო არაფერი აქვს. ეს არის პროცესი, რომელიც უშუალოდ ორ ქვეყანას ეხება. ამიტომ ყველა ჩვენი ძალისხმევა მივმართეთ ამ მიმართულებით”, – განუცხადა ხალაფოვმა ჟურნალისტებს.
ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს „სპუტნიკი -საქართველო“.