ავღანეთში ხუთი ქართველი სამხედრო დაშავდა

ვღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს ხუთი ქართველი სამხედრო დაშავდა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ამის შესახებ წერს „სპუტნიკი-საქართველო“.
ქართული სამშვიდობო კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.
„მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
თავდაცვის ძალების მართვის ცენტრი გადასულია საგანგებო მდგომარეობაზე. სიტუაციურ ოთახში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებიან და ონლაინ-რეჟიმში აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.
ოპერაციის დასრულების შემდეგ დამატებით ინფორმაციას თავდაცვის უწყება კვლავ გაავრცელებს.