პოლიტიკა

ირმა ნადირაშვილი პარლამენტში დაღვრილი უცნაური სითხის გამო პოლიციაში დაიბარეს

პარლამენტის დეპუტატი ირმა ნადირაშვილი უარს აცხადებს გამოკითხვაზე პოლიციაში, სადაც ის პარლამენტში მომხდარი ინციდენტის გამო დაიბარეს

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, გამომძიებლებს აქვთ კითხვები პარლამენტის დეპუტატთან ოპოზიციური პარტიიდან „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ირმა ნადირაშვილთან – საქმე ეხება მძაფრი სუნის მქონე სითხეს, რომელიც გასულ კვირაში პლენარულ სხდომაზე დაღვარეს.

ინციდენტი 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. რამდენიმე ადამიანი მძაფრი სუნის გამო შეუძლოდ გახდა. სხდომა რამდენიმე ხნით შეწყდა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებმა ოპოზიციონერები „ქიმიურ შეტევასა“ და „ხულიგნობაში“ დაადანაშაულეს. უკანასკნელებმა ეს ირონიული ფორმით უარყვეს.

„შაბათს დამირეკეს. მე ვუთხარი, რომ საერთოდ არ განვიხილავდი გამოკითხვაზე მისვლის საკითხს და ვთხოვე, ამ თემაზე აღარ დაერეკათ. ამის შემდეგ რა იქნება გამოძიების ნაბიჯები, არ ვიცი. არც ის ვიცი, მომივა თუ არა უწყება მაგისტრატი მოსამართლისგან, მაგრამ მე ვიცი ერთი რამ დაზუსტებით – სერიოზულად ამ საქმეს ვერ შევხედავ“, – განაცხადა ნადირაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრები და პარლამენტში მათი პარტნიორები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცხადებენ, რომ დარბაზში ფეკალიების სუნი იდგა და ამის მიზეზად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ასახელებენ.

დეპუტატები მმართველი პარტიიდან ამტკიცებენ, რომ ძლიერი სუნის მქონე სითხე დაღვარეს ირმა ნადირაშვილმა და ლელა ქებურიამ, რომლებიც „ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „ჯანმრთელობისთვის განზრახ მძიმე დაზიანების” მუხლით დაიწყო. გააჩნია თუ არა გამოძიებას რაიმე მტკიცებულებები, მედიაში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის გარდა, ჯერჯერობით უცნობია.

ნახეთ მეტი
Back to top button