პოლიტიკა

საქართველოს ელჩმა ვატიკანში რომის პაპს წმინდა ნინოს ჯვარი აჩუქა

ელჩმა და რომის პაპმა განიხილეს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობები და მათი გააქტიურებისა და გაღრმავების საკითხები

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს რწმუნებათა სიგელი და საჩუქრები გადასცა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეხვედრაზე ელჩმა პაპს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობები და მათი გააქტიურებისა და გაღრმავების საკითხები.

შეხვედრის დასრულებისას რომის პაპმა ელჩს წარმატებები უსურვა თავის მომავალ საქმიანობაში. ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა პაპს საჩუქრად გადასცა წმინდა ნინოს ჯვარი, ნახატი „იოსების სიზმარი“, წიგნი ქართული ხელნაწერების შესახებ და ქართული ღვინო.

საქართველომ და ვატიკანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის მაისში დაამყარეს. მათ შორის ორმხრივი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება მეცნიერებისა და განათლების სფეროებში.

წმინდა საყდრის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების წყალობით ქართველ სტუდენტებს რომში თეოლოგიური განათლების მიღების შესაძლებლობა აქვთ. ვატიკანი ასევე გამოყოფს სტიპენდიებს ქართველი მუსიკოსებისთვის, რათა მათ სწავლა იტალიის წამყვან კონსერვატორიებში განაგრძონ.

ნახეთ მეტი
Back to top button