საზოგადოება

ატენის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციოდ მეხანძრე-მაშველების დამატებითი ძალების და სპეცტექნიკის მობილიზება დაიწყო – ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან

გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცთან გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციოდ მეხანძრე-მაშველების დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა. ამ დროისთვის, ცეცხლის ქრობის პროცესში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ათეული მეხანძრე და სპეცტექნიკაა ჩართული. ადგილი, სადაც წიწვოვანი ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის კერებია, საკმაოდ რთული რელიფია, რის გამოც ცეცხლთან სახანძრო ტექნიკით მისვლა ვერ ხერხდება, სპეცტექნიკის დახმარებით კი, მისასვლელი გზის გაჭრა იგეგმება.

,,რთული რელიეფის გამო, მარტივი არ არის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოება. ადგილზე უკვე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ათეული მეხანძრე და სპეცტექნიკა, რომლის მეშვეობითაც ცეცხლის კერებამდე გზის გაჭრა იგეგმება. სამუშაოები უკვე დაწყებულია, დილიდან კი, ცეცხლის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ჩაერთვება. დასახლებული პუნქტის მიმართულებით ცეცხლის გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არის“,-განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button