კულტურა

კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა ხელისუფლებას ღია წერილით მიმართეს

ცნობილმა ქართველმა რეჟისორებმა, მსახიობებმა, მუსიკოსებმა და სხვა სფეროების წარმომადგენლებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, ცალკე შეიქმნას კულტურის სამინისტრო

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, ხელოვნების ცნობილმა მოღვაწეებმა საქართველოს პრემიერ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის სახელზე ღია წერილი დაწერეს და კულტურის სამინისტროს, როგორც ცალკე უწყების შექმნისკენ მოუწოდეს.

ამჟამად საქართველოში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ფუნქციონირებს.

„ისეთი სფეროების ერთ უწყებად გაერთიანებამ, როგორიცაა განათლება და მეცნიერება, კულტურა და სპორტი, მნიშვნელოვნად უკან დახია საქართველოში კულტურის განვითარების შესაძლებლობა, რადგან კულტურის სფეროში შემავალ ყველა დარგს თავის მხრივ მრავალი ინსტიტუციური, ფინანსური და იურიდიული პრობლემა აქვს მოსაწესრიგებელი”, – ნათქვამია მიმართვაში, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა” გამოაქვეყნა.

მიმართვას ხელს აწერენ ხელოვნების გამორჩეული მოღვაწეები, როგორიც არიან რობერტ სტურუა, ელდარ შენგელაია, თემურ ჩხეიძე, ნიკოლოზ რაჭველი, დათო ევგენიძე, კახი კავსაძე, ნინელი ჭანკვეტაძე, ნინო სუხიშვილი და სხვები.

ცალკეული სამინისტროს შექმნას უჭერენ მხარს საქართველოს თეატრალური საზოგადოება, მხატვართა კავშირი, არქიტექტორთა კავშირი, კომპოზიტორთა კავშირი და სხვა.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close