საზოგადოება
საქართველოდან სომხეთში ნარკოტიკის შეტანას კანფეტების სახით ცდილობდნენ
სომეხმა მებაჟეებმა ავტომობილის საბარგულში, კანფეტების ყუთებში, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი ასობით აბი აღმოაჩინეს
,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, საქართველო-სომხეთის საზღვარზე ნარკოტიკის კონტრაბანდა აღკვეთეს, იუწყება „Sputnik-სომხეთი” სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტზე დაყრდნობით.
ინციდენტი სომხეთის ტერიტორიაზე, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ბაგრატაშენზე” მოხდა. მებაჟეებმა ქვეყნის ტერიტორიაზე შესული ავტომობილი შეამოწმეს. მის საბარგულში 516 აბი ნარკოტიკული ნივთიერება „ბუპრენორფინი” აღმოაჩინეს. ნარკოტიკი კანფეტების ყუთებში იყო მოთავსებული.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ავტომობილის მფლობელი და კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. არ არის დაზუსტებული, რომელი ქვეყნის მოქალაქეების არიან დაკავებულები.