საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი მკურნალობას უცხოეთში გააგრძელებს

საქართველოს პირველი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება – ოჯახი რეაბილიტაციისთვის მის უცხოეთში წაყვანას გეგმავს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2″ გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაურზე დაყრდნობით.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია თბილისის ცენტრში 19 დეკემბერს საღამოს დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, როდესაც ცოტნე სახლიდან გამოვიდა, მას რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს. დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მას ორი უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. ცოტნე გამსახურდია მართვით სუნთქვაზე იმყოფებდა. ექიმები მესამე ოპერაციაზე ალაპარაკდნენ.
მედიკოსების თქმით, ცოტნე გამსახურდია გულ-მკერდის არეშია დაჭრილი. მკერდის მარჯვენა ნაწილში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებია, მარცხენა ფილტვის ზედა ნაწილში შემავალი ჭრილობები, მარცხენა ბეჭის მიდამოში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, თავისა და თხემის მიდამოში ოთხი ჭრილობაა. მისი ოპერაცია თითქმის შვიდი საათი გაგრძელდა.
„მდგომარეობა სტაბილურია, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე არის მცირედი დადებითი დინამიკა, გადაყვანაზე მაინც ვფიქრობთ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ ვართ დარწმუნებული, რომ გართულებები არ იქნება. უახლოეს დღეებში გადაწყდება სად მიგვყავს და როგორ”, – ანა ჯაბაურმა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე დამატებითი ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება.
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. მათ ბრალი წარედგინათ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით. მათგან ოთხს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა. მეხუთე პირი, რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
სოლოღაშვილმა პროცესზე აღიარა ბრალი და განაცხადა, რომ გამსახურდიას დანით ჭრილობები მას შემდეგ მიაყენა, რაც მან უმიზეზოდ დაარტყა. ამას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება სუფრასთან.