ეკონომიკა

საქართველოში თანამედროვე თბოელექტროსადგური ამუშავდა

გარდაბნის თბოსადგური 2 საქართველოს ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული ერთერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, 230 მეგავატი სიმძლავრის „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“–ის ოფიციალური გახსნა გარდაბანში გაიმართა.

ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ინვესტორი–კომპანიის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებმა.

 „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“  GOGC-ს დაფინანსებით ჩინურმა კომპანია China Tianchen Engineering Corporation–მა  ააშენა. ინვესტიციის მოცულობამ 180 მლნ დოლარი შეადგინა. 

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და გვახსოვს, რომ ჩვენ მთავარი ამოცანა ახალი სამუშაო ადგილებია. ჩვენი მთავარი ამოცანა ეს არის ჩვენი ეკონომიკური ზრდა, რაშიც ენერგოეფექტურობა და ენერგიის წყაროები კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.  სწორედ ამიტომ თბოელექტროსადგური გარდაბანი 2 პირველ რიგში უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და რაც მთავარია, უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას , განაცხადა გახარიამ.

თბოელექტროსადგურის მშენებლობა 2018 წლის თებერვალში დაიწყო და 2019 წლის დეკემბერში დასრულდა. 

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, მსგავსი პროექტების განხორციელება პრიორიტეტულია, რამდენადაც ზამთრის პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება ადგილობრივი გენერაციის ობიექტებისთვის შეუძლებელია.

პირველად საქართველოში ახალი თბოელექტროსადგური აღჭურვილია ე.წ. „ნულიდან გაშვების ფუნქციით“, რაც ქვეყნის ელექტროსისტემაში საგანგებო მდგომარეობის დროს ქსელში ელექტროენერგიის პირველად მიწოდებას და მთელი სისტემის ნულიდან აღდგენას გულისხმობს.

თბოელექტროსადგური თითქმის ორჯერ ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს და გაზზე მომუშავე ძველ ენერგობლოკებთან შედარებით, გაცილებით ეკონომიურია.

 „ეს თბოელექტროსადგური, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისად აშენდა, ორჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ძველი. ე.წ. ღია ციკლის თბოელექტროსადგურები. ეს თბოელექტროსადგური ეკოლოგიასთან მიმართებით მეგობრულია“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

თბოელექტროსადგური აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ,,ჯენერალ ელექტრიკის’’ (GE-General Electric) გაზისა და ორთქლის ტურბინებითა და გენერატორებით. ეს კომპანია ამ მოწყობილობების წარმოების მხრივ ლიდერია მთელ მსოფლიოში და ხარისხის მაღალი სტანდარტითა და ენერგოეფექტურობით გამოირჩევა.

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება სტაბილურად იზრდება, რასთან დაკავშირებითაც მაღალეფექტური და ეკონომიური კომბინირებული თბოელექტროსადგურების მშენებლობა მთავრობის ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ნახეთ მეტი
Back to top button