საზოგადოება

მწვანე ღობე პარლამენტის წინ: თბილისის მერია ოპოზიციის აქციებისთვის ემზადება

სარემონტო სამუშაოები სწორედ იმ ადგილზე დაიწყება, სადაც ოპოზიციასაახალწლო შესვენებისშემდეგ 4 თებერვლიდან აქციების განახლებას გეგმავს

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, თბილისის მერიამ პარლამენტის წინ არსებული იმ ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო, რომელიც საპროტესტო აქციების გამართვის ადგილია.

როგორც ქალაქის მერმა კახა კალაძემ ოთხშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაოების ფარგლებში იგეგმება ფილების გამოცვლა, ფანტანების განახლება და ტერიტორიის გამწვანება. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება 9 აპრილის მემორიალიც.

„დღეს ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს პარლამენტის წინ, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ასევე მინდა ჩემს მოადგილე ქალბატონ სოფო ხუნწარიას დავავალო 9 აპრილის მემორიალის მოწესრიგებაც… როცა სამუშაოებს დავამთავრებთ, ეს იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე” ,- განაცხადა კახა კალაძემ.

როდესაც მერმა აღნიშნულ განცხადება გააკეთა, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობა მწვანე ღობით შემოღობეს. პერიმეტრს საპატრულო პოლიცია იცავს.

ოპოზიციამ თბილისის მერიის გადაწყვეტილება აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობის თაობაზე, მათ მიერ დაანონსებული პარლამენტის პიკეტირების განახლების პასუხად აღიქვა, რომელიც 4 თებერვლიდან დაიწყება.

„ისინი ფიქრობენ, რომ ამ ღობით შეაჩერებენ მოსახლეობის მშვიდ პროტესტს. ისინი ფიქრობენ, რომ აქ დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ქვეყანაში პროტესტს შეაჩერებს. თქვენ იქცევით სამარცხვინოდ. თქვენ თავად აღმართავთ კედელს ხალხსა და პარლამენტს შორის”, – განაცხადა პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან.

უნდა ითქვას, რომ ეს პირველი მცდელობა არაა, როდესაც ქალაქის ხელისუფლება ცდილობს ხელი შეუშალოს ოპოზიციას და სამოქალაქო აქტივისტებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის საკუთარი აქციების ერთგვარ პლაცდარმად გამოყენებაში – ახალი წლის წინ იქ აქციის მონაწილეთა კარვები აიღეს და საბავშვო ატრაქციონებით ჩაანაცვლეს.

საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა 14 ნოემბერს, პარლამენტში საარჩევნო სისტემის რეფორმის ჩავარდნის შემდეგ დაიწყო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. მას შემდეგ პერმანენტული აქციები დაიწყო, რომელიც ახალ წლამდე გაგრძელდა.

არცთუ დიდი ტაიმ-აუტის შემდეგ ოპოზიციური პარტიები საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით სახელმწიფო შენობებთან პიკეტირებას 4 თებერვლიდან განაახლებენ.

მოქმედი კონსტიტუციით, არჩევნების მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლიდან იგეგმება.

ნახეთ მეტი
Back to top button