საერთაშორისო

დაფუძნდა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა. სამინისტროს პრესსამსახურის თანახმად, ცენტრის მიზანი საქართველოში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვა, საერთაშორისო დონეზე შესაბამის ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლა და ანგარიშგების წარმოება იქნება. იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული და თანამედროვე გამოწვევების საპასუხო ანტინარკოტიკული პოლიტიკის განვითარებას.

„ამ მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უკვე 5 წელია, რაც თანამშრომლობს ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრთან (EMCDDA)“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამავე ინფორმაციით, ცენტრის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ 2018 წლის 27 მარტის სხდომაზე მიიღო, ცენტრის დაფუძნება გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგითა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმითაც. ცენტრის ფუნქციონირებას ასევე ითვალისწინებს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა.

ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრში თანამშრომლებს იუსტიციის სამინისტროში, კონკურსის წესით, 2020 წლის მარტამდე მიიღებენ. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს რადიოსადგური „თავისუფლება“

ნახეთ მეტი
Back to top button
Close