მთავრობას ე.წ. რიყის დოქები აუქციონზე გააქვს

ინფორმაცია საპრივატიზაციო ქონების შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ–გვერდზეა განთავსებული, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს სხვადასხვა საინვესტიციო წინადადებებს და მიიღოს მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.
,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, თბილისში, რიყის პარკში განთავსებული ე.წ. რიყის დოქები აუქციონზე გაიყიდება, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.
ორი გიგანტური დოქისგან შექმნილი ექსტრავაგანტური ნაგებობა, რომელშიც საკონცერტო დარბაზი უნდა განთავსებულიყო, 95 მილიონ ლარად შეფასდა.
„ჩვენ ვაპირებთ ე.წ. რიყის დოქების 100 საპრივატიზაციო ობიექტების სიაში შეყვანას. ამ ობიექტის საპრივატიზაციოდ მომზადებას რაღაც დრო დასჭირდება. მასზე ძალზე დიდი თანხა დაიხარჯა. სამწუხაროდ, დღემდე ამ ობიექტმა ვერ იპოვა თავისი გამოყენება, ფუნქცია, არადა ძალიან თვალსაჩინო ადგილზე, თბილისის შუაგულში, ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილზეა განთავსებული. იგი 95 მილიონ ლარად შეფასდა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი დაიხარჯა მის აშენებაზე. სწორედ გამჭვირვალე აუქციონის გზით შევძლებთ გავტესტოთ თუ რამდენად რელევანტურია ეს ფასი დღევანდელი საბაზრო მოთხოვნების მიმართ. ჩვენი ამოცანაა ღია, საჯარო აუქციონის გზით მოვუძებნოთ ამ ობიექტს სწორი დატვირთვა”, – განაცხადა თურნავამ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ მთავრობა არ უკარნახებს ბიზნესს, თუ რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ამ ობიექტს.
ინფორმაცია საპრივატიზაციო ქონების შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს სხვადასხვა საინვესტიციო წინადადებებს და მიიღოს მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.
სიაში შესულია თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული უძრავი ქონება, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებაა. მათ შორისაა სამრეწველო ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ.