საზოგადოება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინეთის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ

,,რადიო თავისუფლების“ (თბილისის განყოფილების) ინფორმაციით, თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით გუდაურიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანილ ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვანს ფილტვების ანთება არ აღმოაჩნდა.

„რენტგენოლოგიური კვლევა ჩაუტარდა ორ ბავშვს და არც ერთ მათგანს პნევმონია არ აღმოაჩნდა, ანუ რაც კორონავირუსით ინფექციის ძირითადი კლინიკური გამოვლინებაა, მათ არ აქვთ. ამ ორ ბავშვს კვლევის თანახმად აღმოაჩნდა A ტიპის ვირუსი, ასე რომ დიდი ალბათობით, ამ ბავშვებს აქვთ A ტიპის გრიპი და არ აქვთ კოროვავირუსით გამოწვეული ინფექცია“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მისი თქმით ახალი კორონავირუსის ტესტირებას საქარველოში ვერ აკეთებენ, მოქმედებენ გამორიცხვის მეთოდით, „უნდა გამოვრიცხოთ 20-მდე სხვადასხვა გამომწვევი, რასაც 12 საათამდე დრო სჭირდება“.

ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ჩინეთის 9 მოქალაქე მოათავსეს, რომლებიც საქართველოში აზერბაიჯანიდან 21 იანვარს შემოვიდნენ. ისინი გუდაურში იმყოფებოდნენ. 9 მათგანიდან 2 მცირეწლოვან ბავშვს მომატებული ტემპერატურა აქვს.

ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა ასევე საქართველოს ერთმა მოქალაქემ.

24 წლის მამაკაცი ჩინეთიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა საქართველოში და მომატებული ტემპერატურის გამო სამედიცინო დაწესებულებას მიაკითხა.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით მას გირპის ვირუსი არ გამოუვლინდა და გრძელდება გამოკვლევა სხვა ვირუსებზე. მამაკაცი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ნახეთ მეტი
Back to top button