საზოგადოება

ახალი კორონავირუსის დადგენა ხვალიდან საქართველოშიც იქნება შესაძლებელი

,,პირველი არხის” ინფორმაციით, ხვალიდან ახალი კორონავირუსის დადგენა საქართველოში იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართულ მხარეს პარტნიორებთან ჰქონდა მოლაპარაკება, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ საქართველო მიიღებს შესაბამის ტესტებს, რომელთა საშუალებით, ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირიება საქართველოშიც გახდება შესაძლებელი.

„მაქვს ინფორმაცია, რომ უკვე ხვალიდან ჩვენ, 99,99 პროცენტით,  გვექნება ლაბორატორიული საშუალება ლუგარის ცენტრში ამის დასადგენად. ჩვენს პარტნიორებთან იყო მოლაპარაკება და გვექნება ყველაფერი, რაც საჭიროა ამ ქვეტიპის საბოლოო ლაბორატორიული დიაგნოსტირებისთვის. შესაბამისად, აღარ იქნება აუცილებლობა სინჯების რეფერალურ ცენტრებში გადაგზავნის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს მოქმედი პრაქტიკით, პაციენტის ბიოლოგიურ მასალას ჯერ ლუგარის ლაბორატორიაში იკვლევენ,  სადაც ხორციელდება გამოკვლევა რამდენიმე ათეულ ვირუსზე, რომელთა შორის ახალი კორონავირუსი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მათგანი არ დადასტურდა, მასალა საზღვარგარეთ არსებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რათა დადგინდეს, შეიცავს თუ არა ის ახალ კორონავირუსს. ეს პროცედურა რამდენიმე დღეს მოიცავს.

სავარაუდოდ უკვე ხვალიდან კი, ანალიზების უცხოეთში გაგზავნა საჭირო აღარ  იქნება და ახალ კორონავირუსზე მასალა ადგილზე შემოწმდება, რაც დიაგნოზის სწრაფად დასმის საშუალებას იძლევა.

ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სამი პაციენტია დაკვირვების ქვეშ. ისინი საქართველოში გამოკვლეული არიან 22 რესპირატორულ ვირუსზე, ორი ადამიანის სინჯები კი, გადაგზავნილია როტერდამში.

ნახეთ მეტი
Back to top button