ეკონომიკა

ღვინის კონტროლი: საექსპორტო პროდუქცია ხარისხზე შეამოწმეს

ღვინის სააგენტოს მიერ ჩატარებული დეგუსტაციის დროს კომისიამ წარმოდგენილი 637 ნიმუშიდან უარყოფითად მხოლოდ 32 შეაფასა

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის იანვარში ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებში 18 შემოწმება განახორციელა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

„როსპოტრებნადზორმა” 2019 წლის ივნისში განაცხადა, რომ გააძლიერებს რუსეთში საქართველოდან შესული ალკოჰოლური პროდუქციის კონტროლს. უწყების მონაცემებით, 2014 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, საქართველოდან შესული პროდუქციის რაოდენობა, რომელიც არ შეესაბამება სავალდებულო მოთხოვნებს, 2,9-ჯერ გაიზარდა და 2018 წელს 203 ათასი ლიტრი შეადგინა.

„ინსპექტირებისას აღებული 55 საექსპორტო ნიმუში გადაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიებში. ლაბორატორიული გამოცდით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ნიმუში არ შეესაბამებოდა სერტიფიცირებისთვის წარმოდგენილ ნიმუშს, რის გამოც კომპანიას უარი ეთქვა სერტიფიკატის მიღებაზე”, – ნათქვამია ღვინის სააგენტოს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ ჩაატარა 19 დეგუსტაცია. წარმოდგენილი 637 ნიმუშიდან კომისიამ უარყოფითად 32 შეაფასა.

„ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლი ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა”, – აღნიშნავენ სააგენტოში.

ღვინის ექსპორტი

საქართველოდან ექსპორტირებული იყო რეკორდული რაოდენობის ღვინო – 2019 წელს მსოფლიოს 53 ქვეყანაში გაიტანეს 94 მილიონამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 2018 წელთან შედარებით 9%-ით მეტია.

ყველაზე მეტი ღვინო გადის რუსეთში. ლიდერი ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი და ყაზახეთი.

ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება როგორც ტრადიციულ ბაზრებზე, ისე ევროპაში, აზიასა და აშშ-ში.

საზღვარგარეთ ყველაზე პოპულარული ქართული ღვინოა ნახევრად ტკბილი „ქინძმარაული”. 2019 წელს საქართველოდან 17,4 მილიონზე მეტი ბოთლი „ქინძმარაული” გავიდა. პოპულარული ღვინოების ხუთეულშია ასევე „მუკუზანი”, „წინანდალი”, „ახაშენი” და „ხვანჭკარა”.

ნახეთ მეტი
Back to top button